Belive

ვილი სანიოლი: "ჩაკვეტაძის და კვარაცხელიას დუეტმა შეტევაში განსხვავება შექმნა"

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში მიჯრით სამი მატჩის წაგების შემდეგ, კვიპროსის ეროვნულ გუნდს დიდი ანგარიშით - 4:0 აჯობა.

მიხეილ მესხის სახელობის არენაზე მოგებული შეხვედრის შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა.

"ჩემი აზრით, პირველ ტაიმში, გიორგი ჩაკვეტაძე ის ერთ-ერთი ფეხბურთელი იყო მოედანზე, რომელიც შეტევას ცდილობდა. 

მეორე ნახევარში მან კიდევ უფრო მეტად მოუმატა და მთლიანობაში კარგი მატჩი ჩაატარა. ის და კვარა კარგად კომბინირებდნენ. ისინი განსხვავებული ფეხბურთელები არიან, რომელთა ტანდემმაც შეტევა იდეალურად ააწყო. იცით, რომ მაშინაც კი, როცა მას რთული პერიოდი ჰქონდა და სათამაშო დრო აკლდა, ყოველთვის ვიძახებდი. ახლა, მისი შრომის შედეგად, სრულიად განსხვავებულ ფეხბურთელს ვხედავთ და ეს ძალიან მახარებს.

ზურიკო დავითაშვილი თამაშში ძალიან კარგად ჩაერთო. ყველაფერი ისე შეასრულა, როგორც დავავალე. რა თქმა უნდა, ყოველთვის მარტივი არ არის, რომ ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელი მატჩს სათადარიგოთა სკამიდან იწყებს, მაგრამ მან ყველაფერს თავი შესანიშნავად გაართვა.

ვიცით, რომ ლევან შენგელია უფრო მარჯვენა ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელია და უფრო შემტევი მოთამაშეა, მაგრამ იმ სისტემაში, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, მარცხენა ფლანგზე უფრო კარგად ვიყენებთ, თანაც ბელგიაში ის ამ პოზიციიდან თამაშობდა. მან ფიზიკურ მომზადებაზე ბევრი იმუშავა და ორივე მატჩი კარგად ჩაატარა", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

საქართველოს ნაკრებმა ოქტომბრის თვეში ორი მატჩი გამართა, ორივე მოიგო, 12 გოლი გაიტანა და არცერთი გაუშვა. შემდეგი შეხვედრა ჩვენს ნაკრებს 16 ნოემბერს, "დინამო არენაზე", შოტლანდიის წინააღმდეგ ელოდება.

სხვა სტატიები